Folio 36


რამდენიმე დღის წინ, ანდა, ქინდლის გამოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემს საყვარელ წიგნის მაღაზიაში, სანტა ესპერანსაში შევიარე /თუ რეკლამაში ითვლება, ძალიან კარგი, ჩაითვალოს/ და, როგორც ეს ხდება ხოლმე, სრულიად ‘შემთხვევით’ ერთ ძალიან საინტერესო წიგნს მოვკარი თვალი.

პირველად ყურადღება გარეკანმა მიიპყრო, რადგან მე ესთეტი ვარ და ფორმა /ვიზუალი/ ჩემთვის მნიშვნელოვანია, შემდეგ კი უკვე შინაარსმა.

ეს თქვენ გარეკანი

რაც შეეხება შინაარსს, Taschen –ი ამბობს რომ ეს გამოცემა არის  1620 წელს გამოცემული Emblemata Amatoria-ს სრული რეპრინტი, რომელიც სიყვარულის თემაზე შექმნილი 142 ემბლემისგან  შედგება.

Taschen-მა რომ წიგნების გამოცემა იცის, ამაში ეჭვის შეტანა სისულელეა და ამჯერადაც, შესანიშნავი გამოცემის მფლობელი გავხდი. 142 – ვე ემბლემას ორენოვანი /ლათინურ – ინგლისური/ განმარტება მოჰყვება. განმარტება კიდევ სამი ნაწილისგან შედგება: motto, Inspiration, Verse და მათი კითხვა თავად ემბლემების თავლიერებაზე ნაკლებ საინტერესო ნამდვილად არაა.

ყველა ფურცლის გაზიარებას არ ვაპირებ, რადგან სხვა, საიდუმლო გეგმები მაქვს ამ ფურცლებთან დაკავშირებით, თუმცა აი ერთი,  folio 36

DSC_6120

ესეც განმარტება /ლექსის გარეშე/

Motto: Light in the Darkness / In tenebris lucem / სინათლე წყვდიადში

Inspiration: Why do you look for Castor in the vast, gloomy sea? Not the stars, but the eyes are the guides in love / Quid Pelago in magno ac tenebroso castora quaeris. Non stella ast oculi sunt in amore duces / რად ეძებთ კასტორს უკიდეგანო პირქუშ ზღვაში? არა ვარსკვლავები, არამედ თვალები არიან მეგზურნი სიყვარულში.

ჩემი თვალები დახუჭულია.

ცვინგერის ფანტომები


ბავშვობაში, როდესაც მეკითხებოდნენ, რა პროფესიის მინდოდა ვყოფილიყავი, დაუფირებლად ვპასუხობდი – მოგზაური მეთქი. ალბათ, ძალიან მეოცნებე ბავშვი ვიყავი ან მარკო პოლოზე უაზროდ შეყვარებული /ანდა ორივე ერთად/ და ურყევი რწმენა მქონდა რომ მოგზაური პროფესიაა. საკმაოდ დიდი ვიყავი, როდესაც მივხვდი რომ პროფესიით მოგზაური, სამწუხაროდ, ვერასდროს ვიქნებოდი და კიდევ უფრო დიდი ვიყავი, როცა აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, თუმცა ეგ სხვა ამბავია და ახლა არ მოვყვები.

მოგზაურობის სიყვარული, ისევე, როგორც ნებისმიერი სიყვარული თუ ის თავის მოტყუება და ილუზია არაა, წლების მანძილზე უფრო ინტენსიური ხდებოდა, თუმცა 22 წლის ისე გავხდი, თურქეთის გარდა ნამყოფი არსად ვიყავი. მე კი ევროპის ნახვის სურვილი მკლავდა. საკუთარი სურვილების ტყვეობაში ყოფნა, ალბათ ერათდაერთი საპატიმროა, რომლიდანაც გამოსვლა არასდროს მომინდება.

2005 წელს პირველად მოვხვდი პარიზში და ‘პარიზული ამბები’ უკვე მოყოლილი მაქვს. დღეს დრეზდენზე ვწერ. თითქმის ერთი თვის წინ, 19 მარტს, ლაიფციგიდან დრეზდენში წავედი ჩემი დის მეგობართან ერთად. რაფაელის ‘სიქსტის მადონა’ მინდოდა მენახა, თუმცა ნაჩქარევად დაგეგმილი ლაიფციგი – დრეზდენი – მანჰაიმი – მაინცი – ჰაიდელბერგი – ფრანკფურტი – პრაღის მარშრუტის გამო, დრეზდენში ორშაბათს ჩავედი. ორშაბათს კი ყველა მუზეუმი და გალერეა, მსოფლიოს ყველა ქალაქში, დახურულია.

მე რომ პესიმისტი ვიყო, ჩემი წუხილის გადმოსაცემად სიტყვების მონახვა გამიჭირდებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ოპტიმისტი ვარ და ‘Gemäldegalerie Alte Meister’ის დახურვაში ერთი შესანიშნავი პლუსი ვიპოვე: დროის სიმცირის გამო დრეზდენში მხოლოდ ერთი დღით ვიყავი ჩასული, ეს დღე გალერეაზე იყო გათვლილი და ქალაქის სანახავად ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. ორშაბათის გამო კი დრო მთლიანად ქალაქში ბოდიალზე დაიხარჯებოდა.

‘ბოდიალი’ მაინც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ამ ‘ბოდიალსაც’ ერთზე მეტი დღე სჭირდება ხოლმე, თუმცა, დარჩეს ეს სიტყვა აქ და ძალიანაც ნუ მომედავებით, ასე თუ ისე, სუბიექტურია ყველაფერი.

ახლა რასაც დავწერ, ის ბევრ მოყოლას აღარ მოითხოვს, რადგან ეს ინფორმაცია სრულიად მარტივად ხელმისაწვდომია გუგლთან დაახლოებული პირებისთვის. საკმარისია აკრიფოთ zwinger და მაგიური ღილაკი enter. მე უბრალოდ რამდენიმე ფოტოს გაჩვენებთ, იმ 350 კადრიდან, რომელიც დრეზდენში გადავიღე.

voila,

ცვინგერი00

ცვინგერი01

ცვინგერი02ცვინგერი03ცვინგერი05ცვინგერი06ცვინგერი07ცვინგერი08ცვინგერი09ცვინგერი010ცვინგერი011ცვინგერი012ცვინგერი013

კინგის წერილი რედაქტორს


ალბათ ყველამ, ვინც ლიბიკას ნაწერებს კითხულობთ უკვე იცით, რომ გასული წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვიყავი და სულ რაღაც ერთ თვეში ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე წავალ (თუ შეგშურდათ, არ გამოხატოთ Smile). ახლა არ ვილაპარაკებ არც ფრანკფურტზე და არც ლაიფციგზე და უბრალოდ ერთ ძალიან მოკლე წერილს გაჩვენებთ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ საკუთარი ნიკონით გადავიღე და კომპში შევაგდე.

წერილის ავტორი 14 წლის სტივენ კინგია, ადრესატი კი მისი პირველი რედაქტორი.

ეს წერილი ფრანკფურტიდან ჩამომყვა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვენლობით. ნუ იფიქრებთ, რომ იმდენად გადარეული ბიბლიოფილი ვარ და თანაც იმდენად დიდი შემოსავლის მქონე, რომ კინგის წერილი რარიტეტების განყოფილებაში მეყიდა Smile ასე არაა. თუმცა იმდენად იღბლიანი მანიც ვარ (და ეს ყოველთვის ვიცოდი) რომ ფრანკფურტის ბაზრობის დახურვის დღეს მოვასწარი და 15 წუთი Sperling & Kupfer – ის გამომცემლობის სტენდზე გამოფენილი წიგნების ნახვას მოვანდომე.

ვინც ფრანკფურტში ბუხმესეზე მოხვედრილა ეცოდინებათ, რომ ბაზრობის ბოლო დღეს გამომცემლობები მზად არიან ძალიან იაფად გაყიდონ მაქსიმალურად ბევრი წიგნი, რათა უკან წასაღები არ გაუხდეთ (ტრანსპორტირება კი, დამერწმუნეთ, საკმაოდ ძვირი და თანაც არაკომფორტული პროცედურაა). აი ამ იღბლის დამსახურებით, ძალიან იაფად ვიყიდე Tutto su Stephen King – მილანური გამომცემლობის შესანიშნავად გამოცემული წიგნი, რომელშიც ბონუსებად კინგის წერილების, მისი სცენარებიდან ცალკეული ფრაგმენტები, ჩანახატები და მოთხრობების დარედაქტირებისას გაკეთებული შენიშვნების ზუსტი ასლებია ჩაწყობილი.

დღეიდან პერიოდულად ამ მასალებს გაგაცნობთ ხოლმე Smile

წერილი რედაქტორს

მინუს ერთი ღმერთი


for lit.ge

theo-angelopoulos

თუ ამ პოსტს მრევლი კითხულობს – ჩემს ანათემაზე გადაცემას ნუ იჩქარებთ. თუ ამ პოსტს ათეისტები კითხულობთ – აპლოდისმენტებით ხელისგულებს ნუ გადაიტყავებთ.

არა, ეს ის ნამდვილად არაა, რაც იფიქრეთ.

კინომანებო, თქვენ უკვე ყველაფერს მიხვდით.

მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ჩემს ერთ მეგობარს ირონიანარევი გულწრფელობით ვუთხარი, ნეკროლოგისტი გამხდარხარ მეთქი. მაშინ არ მიფიქრია, რომ ერთ დღეს დავჯდებოდი და მსგავს პოსტს დავწერდი და მით უმეტეს არ მიფიქრია, რომ ნიცშეს გადავწვდებოდი, თუნდაც იუმორისტულ ჭრილში. დღის ბოლომდე ალბათ ყველა, ვისაც წერა არ ეზარება ან ვისაც უბრალოდ დავალებული აქვს, დაჯდება და დაწერს, რომ წუხელ თეო ანგელოპულოსი გარდაიცვალა. ვისაც ევალება – ნიუსის სახით დაწერს, ვისაც არ ეზარება – SOPA-ს გადარჩენილ ვიკის მიაკითხავს და შედარებით ვრცლად დაწერს. ამ ნაწერებს შემდეგ უამრავი ადამიანი ნახავს, რომელთაგან მცირე ნაწილისთვის ეს სიახლე გუშინდელი იქნება (და გუშინდელი ნიუსი სიახელე აღარაა, როგორც ცნობილია), ვიღაცისთვის გულდასაწყვეტი მოულოდნელობა, დიდი ნაწილისთვის უბრალოდ – სულ ერთი და მხოლოდ რამდენიმესთვის – შოკისმომგვრელი ფაქტი.

მაშ ასე, წუხელ ღმერთი გარდაიცვალა*. (* დუმბაძის არ იყოს, მე ყველგან, სადაც დამჭირდება ღმერთს ვიტყვი და თქვენ თეო იგულისხმეთ). ღმერთის შექმნილი მე პირველად 14 წლის წინ ვიხილე. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, გზები ირიბია და მეც მასთან მისასვლელად, შუამავალი დამჭირდა. შუამავალი გუერა იყო, რომლითაც მაშინ გატაცებული ვიყავი და მასზე ინფორმაციას შეძლებისდაგვარად ხელიდან არ ვუშვებდი. კინო კი ყოველთვის მიყვარდა. ასე მაპოვნინა გუერამ ღმერთი, რომლის ამბებიდან‘პეიზაჟი ნისლში’ ყველაზე მეტად მიყვარს.

‘პეიზაჟი ნისლში’ მისი არც პირველი და არც უკანსკნელი ფილმია. ისიც ისეთივე მშვიდია, როგორც მისი ყველა სხვა ფილმი, ყველაფერი ზედმეტისგან თავისუფალი და მარტივი სიუჟეტის. იმდენად მარტივი, რომ მხოლოდ აღწერას თუ ნახავთ, შესაძლოა ნახვის სურვილით არც აენთოთ, მაგრამ ამბები ტყუილად არ მიხსენებია. ღმერთი ყვება ისტორიას. ყველა თავის ფილმში, ზის და მშვიდად ყვება. ისე გასაგებად, რომ თინეიჯერსაც კი ესმის, მთელი მისი მეამბოხე და ბობოქარი ხასიათის მიუხედავად. ფილმის გარჩევას არ დავიწყებ, არასათანადო კომპეტენციის გამო. მე მხოლოდ მაყურებელი ვიყავი მაშინაც, როდესაც პირველად ვნახე მისი ფილმი და ახლაც, როდესაც საიდანღაც ჩამსემის ფრაზა მონოლოგიდან: ‘რა გრძელია გზა გერმანიამდე’.

პირველ ფილმი 33 წლის ასაკში გადაუღია. ჩემი საყვარელი ფილმი კი ოცი წლის შემდეგ. ამ ფილმში არის სცენა, რომელიც თითქმის ოთხი წუთი გრძელდება და რომელშიც ორმოცამდე მოტოციკლისტი ჩანს. მისტიკაზე არაფერს ვიტყვი და არც სულელურ წინათგრძნობაზე, უბრალოდ საინტერესო მომენტია, თუმცა ვისაც გინდათ, შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ ღმერთმა იწინასწარმეტყველა :) .

თეოდოროს ანგელოპულოსის ანგარიშზე ერთი მოკლემეტრაჟიანი (1968 წ.) და თოთხმეტი სრულმეტრაჟიანი (1970-2012წ.წ) ფილმია. ჯილდოთა რაოდენობა კი – 40. მსუბუქად რომ ვთქვათ, შთამბეჭდავია, კრიტიკოსების კეთილგანწყობით და ყურადღებით განებვრებული ბერძენი ღმერთის შესახებ ამბობენ, რომ მისი სტილი განსაკუთრებულია. განსაკუთრებულად ნელი, შეიძლება ასეც ითქვას. 80 კადრი 4 საათიანი ფილმისთვის, ამ სტილის ძალიან კარგი მაგალითია. რეჟისორის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია თითქმის არსად იძებნება და მისი პორტრეტი ისევ კინოფირზეა მოსანახი. 1998 წელს, გიდეონ ბახმანისთვის მიცემულ ინტერვიუში ანგელოპულოსი ამბობს ჩემთვის საინტერესო ფრაზას: ‘მე მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვინც მუდამ ყოყმანობს, ვისაც მუდამ ეჭვი აქვს. მაშინაც კი, როდესაც ფილმი დასრულებულია, მე ისევ ვეძებ და ვერ ვწყვეტ ძიებას’. რაც არ უნდა ბანალური იყოს, ღმერთები არასდროს არიან დარწმუნებული საკუთარი ქმნილების სრულყოფილებაში, და ასეც კვდებიან, ქუჩაში, გამთენიისას, მორიგი ქმნილებისკენ მიმავალნი.

გერმანიამდე გზა არც ისე გრძელია, ღმერთო. ზღვა კი ახლა, ალბათ, ღელავს.